არის, თუ - არა ბიულეტენები წინასწარ მონიშნული და როგორ უნდა გადაამოწმოს ამომრჩეველმა?
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს აძლევენ. კერძოდ, წერტილით მონიშნულია 41 და ამომრჩეველი თუ სხვა ნომერს გააფერადებს, ასეთი ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება. (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5). გავრცელებულ მტკიცებებს თან ახლავს ბიულეტენის ფოტო, სადაც ნათლად ჩანს, რომ 41 ნომრის გასწვრივ მოცემულ წრეზე წერტილია დასმული. აქვე განვმარტავთ, რომ ყველა წყარომ აღნიშნული ინფორმაცია ერთი და იგივე ფოტოთი გაავრცელა.
„ფაქტ-მეტრი“ მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა. თუმცა, ასეც რომ იყოს, აქვე განვმარტავთ, რომ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს, რომ ბიულეტენზე რომელიმე საარჩევნო ნომრის გასწვრივ არ იყოს რაიმე ტიპის მონიშვნა (წერტილი, ხაზი, გაფერადებული და ა.შ.).
იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე რომელიმე საარჩევნო ნომრის გასწვრივ არსებული წრე მონიშნულია და ამომრჩეველმა ვერ შენიშნა ის, იმავე ნომრის გაფერადების შემთხვევაში, ეს ბიულეტენი ნამდვილად ჩაითვლება, მაგრამ თუ სხვა ნომერს გააფერადებს, ასეთ ბიულეტენს ხმის მთვლელი აპარატიც და კომისიაც ბათილად ჩათვლის.
შეგახსენებთ, რომ წრის სულ მცირე 3% მაინც უნდა იყოს გაფერადებული, რომ ის სკანერის აპარატმა აღიქვას. გავრცელებულ ფოტოზე აღნიშნული წერტილი, იმდენად მცირე ზომისაა, რომ სავარაუდოდ სკანერის აპარატი არც აღიქვამს. თუმცა ხელით გადათვლისას ამგვარი ბიულეტენის ნამდვილობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. როგორც ცესკოში განგვიმარტეს, დიდი ალბათობით კომისია მხოლოდ გაფერადებულს ჩათვლის და წერტილზე არ გაამახვილებს ყურადღებას, თუმცა თუ ვინმემ მოითხოვა ამგვარი ბიულეტენის ბათილობა, კომისია იმსჯელებს და ხმათა უმრავლესობით გადაწყდება.
გავრცელებულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ბრიფინგზე გამოეხმაურა, „გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს აძლევენ, მანიპულაციაა და ემსახურება კენჭისყრის პროცესის დაზიანებას. ამომრჩეველს, ბიულეტენის მიღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის“, - აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა.
ამრიგად, ამომრჩეველს შეუძლია თავად გადაამოწმოს, რომ ბიულეტენზე ნამდვილად არ არის მონიშვნა. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი მოითხოვოს ბიულეტენის გამოცვლა.