Facebook-სა და TikTok-ში გავრცელდა ვიდეო (ამჟამად Facebook-ზე წაშლილია), სადაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია ერთმანეთს კოცნიან (იხილეთ სურათზე).

რეალურად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული. კადრები, რომლებსაც აღნიშნული ვიდეო ემყარება 2019 წელს არის გადაღებული. 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტის წინ ყოველდღიურად იმართებოდა საპროტესტო აქციები, საიდანაც ორგანიზაცია „სირცხვილია“ პირდაპირი ჩართვების ფორმატში ინტერვიუებს უშვებდა. 2019 წლის 20 აგვისტოს ეთერში მიწვეულები იყვნენ იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტები - ნიკა გვარამია, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე, რომლებიც ახალი ტელევიზიის - „მთავარი არხის“ ჩამოყალიბებაზე საუბრობდნენ. სწორედ აღნიშნული ეთერიდან ერთ-ერთ მომენტზე (იხილეთ სურათზე, ვიდეოს მონაკვეთი - 1:24:00) დაყრდნობით არის შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გაყალბებული ვიდეო. ვიდეოში შემდგომ ჩანს, რომ გვარამია და გაბუნია ერთმანეთს არ კოცნიან, როგორც ეს გავრცელებულ გაყალბებულ ვიდეოში ჩანს, არამედ ინტერვიუ ჩვეულებრივ სტილში გრძელდება.

ამასთან ერთად, გავრცელებულ გაყალბებულ ვიდეოებში აშკარაა, რომ მათი სხეულის ნაწილები (მაგალითად, თითები) არაბუნებრივად არის და რეალურ მომენტს არ ასახავს, რაც ხელოვნური ინტელექტით გაყალბებული ვიდეოებისთვის დამახასიათებელი ნიშანია.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის გაყალბებული და ის რეალობას არ შეესაბამება.