ვახტანგ ცინცაძე:ივნისიდან ექსპორტის ზრდის ტემპი დაჩქარდა და ჯამურად 9 თვეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ ცინცაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 4.1%-ით გაიზარდა და 4.8 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 9-თვიან ჭრილში ნომინალურად რეკორდული მაჩვენებელია. წლის დასაწყისში კლება ფიქსირდებოდა და მდგომარეობა ივნისიდან შეიცვალა.

მთლიანი ექსპორტისგან განსხვავებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 27%-ით შემცირდა. ექსპორტში რეექსპორტის წილმა 57%-ს მიაღწია, აგვისტო-სექტემბერში კიდევ უფრო გაიზარდა და 60%-იან ნიშნულსაც გადასცდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივ ექსპორტს ეკონომიკაში რეექსპორტთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი როლი უკავია, მისი უგულებელყოფა შეიძლება რეალური სურათის შელამაზების მცდელობად განვიხილოთ, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ვახტანგ ცინცაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა: ექსპორტის მაღალი ზრდა ფიქსირდება ივნისის თვიდან - ჯამურად იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 4.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4.8 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა

იანვარ-სექტემბერში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედით 4.1%-ით გაიზარდა და ნომინალურ რეკორდს 4.8 მლრდ დოლარს მიაღწია. იანვარი მკვეთრი 26%-იანი ვარდნით დაიწყო, მნიშვნელოვანი 15%-იანი კლება დაფიქსირდა აპრილშიც, თუმცა ივლისსა და აგვისტოში ზრდის ტემპმა 30%-ს მიაღწია, 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა სექტემბერშიც.

შემობრუნების წერტილად შეიძლება ივნისი მივიჩნიოთ, როცა ექსპორტი 6%-ით გაიზარდა. თუ იანვარ-მაისში ჯამში 10%-იანი კლება დაფიქსირდა, ივნის-სექტემბერში 20%-იანი ზრდა აღინიშნა.

გრაფიკი 1: ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მთლიან ექსპორტთან ერთად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის მონაცემების ცოდნაც. 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი 4.9%-ით - 2 მლრდ დოლარამდე შემცირდა. 5%-იანი კლება დიდი არაა, მაგრამ თუ შესადარებლად 2022 წლის იანვარ-სექტემბერს ავიღებთ მაშინ 27%-იან ვარდნას მივიღებთ. მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 43%-მდეა შემცირებული, რაც 2014 წლიდან დღემდე მინიმალური მაჩვენებელია, 2014 წლამდე საქსტატი ადგილობრივ ექსპორტსა და რეექსპორტს ცალ-ცალკე არ აღწერდა.

გრაფიკი 2: ექსპორტის სტრუქტურა

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ადგილობრივი ექსპორტის წილობრივი კლება კიდევ უფრო თვალსაჩინო თვეების მიხედვით ხდება. იანვრიდან ივლისის ჩათვლით რეექსპორტის წილი საშუალოდ 55%-ს შეადგენდა, აგვისტოში ის 62%-ს და სექტემბერში 64%-ს გადასცდა. სექტემბერში ექსპორტიდან მიღებული ყოველი 3 დოლარიდან თითქმის 2 დოლარი რეექსპორტზე მოდიოდა.

მთლიანი ექსპორტის მსგავსად, ადგილობრივ ექსპორტშიც ზრდა ივნისიდან იწყება, ოღონდ სექტემბერში ისევ იკლებს. იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 16%-ით შემცირდა, ივნის-აგვისტოში 16%-ით გაიზარდა, ხოლო სექტემბერში ისევ 9%-ით შემცირდა. თვეების მიხედვით თუ 2023 წელთან ზოგჯერ მატებაც ფიქსირდება, 2022-თან შედარებით 9-დან 9 შემთხვევაში კლებაა.

გრაფიკი 3: ადგილობრივი ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მთლიან ექსპორტში რეექსპორტის ხარჯზე ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთია და მისი წილი 19%-ს აღწევს. 1995-2021 წლებში საქართველომ ყირგიზეთში ჯამურად 225 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის 9 თვეში ოთხჯერ მეტი - 907 მლნ დოლარის პროდუქცია, საიდანაც 838 მლნ მსუბუქ ავტომობილებია, 43 მლნ - თამბაქოს პროდუქცია.

მეორე ადგილზე - 635 მლნ-ით, ყაზახეთია, მესამეზე - 544 მლნ-ით, აზერბაიჯანი. ამ ქვეყნების შემთხვევაშიც პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს.

9 თვეში საქართველომ თითქმის 1.8 მლრდ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გაყიდა. მსუბუქი ავტომობილების წილი მთლიან ექსპორტში 36.8%-ს აღწევს, რაც აბსოლუტური რეკორდია. საექსპორტო პროდუქციაში მეორე ადგილზე - 227 მლნ-ით ფეროშენადნობებია, რომელიც თავის მხრივ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს 7.8-ჯერ ჩამორჩება.

შუა აზიური ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი პრაქტიკულად განულებულია. 9 თვეში სულ 142 ათასი დოლარის ჯამური ღირებულების 7 ავტომობილი გაიყიდა. რეექსპორტზე გატანილ ავტომობილთა რაოდენობამ სხვა ქვეყნებში 78 603-ს მიაღწია.

მთლიან ექსპორტში 523 მლნ-ითა და 10.9%-იანი წილით რუსეთი მეოთხე ადგილზეა, ხოლო ადგილობრივ ექსპორტში 420 მლნ-ითა და 20.6%-იანი წილით პირველზე.

ადგილობრივი ექსპორტის კლება ძირითადად სპილენძის მადნებზე ფასისა და მოთხოვნის კლებამ გამოიწვია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 753 მლნ-ის სპილენძის მადნები გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ის 433 მლნ-მდე და 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 55 მლნ-მდე შემცირდა.

2023 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით მართალია, მკვეთრად - 62%-ით, 227 მლნ-მდე გაიზარდა ფეროშენადნობების ექსპორტი, მაგრამ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში მისი ექსპორტი 425 მლნ-ს აღწევდა. აზოტოვანი სასუქების ექსპორტიც 9-თვიან ჭრილში 207-დან ჯერ 123-მდე და შემდეგ 82 მლნ-მდე შემცირდა. განახევრდა და 49 მლნ-მდე შემცირდა ელექტროენერგიის ექსპორტიც.

კლების პარალელურად, რიგ ადგილობრივ პროდუქციის ექსპორტზე ზრდაც დაფიქსირდა: ღვინოზე 11%-ით - 214 მლნ-მდე, სპირტიან სასმელებზე 20%-ით - 85 მლნ-მდე, მინერალურ წყლებზე 25%-ით - 127 მლნ-მდე, ძვირფასი ლითონების მადნებზე 237%-ით - 170 მლნ-მდე. თუმცა აღნიშნული საკმარისი არ აღმოჩნდა და მთლიანობაში ადგილობრივი ექსპორტი მაინც შემცირდა როგორც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე 2022 და 2021 წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებითაც კი.

მთლიანობაში, მტკიცება, რომ ექსპორტი თანხობრივად რეკორდულ ნიშნულზეა, ნომინალურად სიმართლეს შეესაბამება. თუმცა ასევესიმართლეა ისიც, რომ ადგილობრივ ექსპორტი შემცირდა და ეს კლება ტენდენციურ ხასიათს ატარებს, შემცირდა 2023 წელს და კლება 2024 წელსაც გაგრძელდა.

იმის გათავლისწინებით, რომ ადგილობრივ ექსპორტს ეკონომიკაში რეექსპორტთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი როლი უკავია, აღნიშნულის უგულებელყოფა რეალური სურათის შელამაზების მცდელობაა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ვახტანგ ცინცაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.