სოციალურ ქსელში ხელვაჩაურის მე-16 საარჩევნო უბანზე განთავსებული ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების მიერ საარჩევნო დღის ბოლოს ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ორი ქვითრის სურათი გავრცელდა, რომლებზეც განსხვავებული მონაცემები არის ასახული (1, 2). სურათების გამავრცელებლების მიხედვით, აღნიშნული ქვითრები რამდენიმე წუთის სხვაობით არის ამობეჭდილი. აღნიშნული სურათები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ლევან ბეჟაშვილმა და ეკა ხერხეულიძემაც გაავრცელეს და მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული შემთხვევა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებაა.
29 ოქტომბერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე გააკეთა: „...ხელვაჩაურის მე-16 უბანზე იყო განთავსებული სამი ხმის მთვლელი აპარატი... პირველ ეტაპზე ამოიბეჭდა მხოლოდ ორი აპარატის შედეგი და მისი ამსახველი ქვითარი, შემდეგ კი დაიბეჭდა სამივე ხმის მთვლელი აპარატის ანგარიში. სამივე აპარატის კონსოლიდირებული ქვითრის მონაცემები ზუსტად ემთხვევა ბიულეტენების ხელით გადათვლის შედეგად შედგენილი შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს და ორივეგან 1404 ბიულეტენია დაფიქსირებული. ფაქტს ადასტურებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებიც".
სურათში ნაჩვენებ ორ ქვითარს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ იმ ქვითარზე, რომელზეც 889 ბიულეტენების რაოდენობა არის დაფიქსირებული, ქვითრის ქვემო ნაწილში აწერია, რომ ქვითარზე ამობეჭდილია ორი აპარატის (83.16.01 FDB180PB01104181 და 83.16.02 FDB180PB01101396) კონსოლიდირებული შედეგი.
რაც შეეხება ქვითარს, რომელზეც 1404 ბიულეტენების რაოდენობა არის დაფიქსირებული, ქვითრის ქვემო ნაწილში აწერია, რომ ქვითარზე ამობეჭდილია სამი აპარატის (83.16.01 FDB180PB01104181 და 83.16.02 FDB180PB01101396) კონსოლიდირებული შედეგი.
აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მე-16 უბნის შემაჯამებელ ოქმში, რომელიც ბიულეტენების ხელით გადათვლის შედეგად შედგა, 1404 ბიულეტენი არის დაფიქსირებული.
აქედან გამომდინარე, ხელვაჩაურის მე-16 საარჩევნო უბანზე ხმის მთვლელი აპარატების მიერ ამობეჭდილი ქვითრები სხვადასხვა მონაცემებს ასახავს, რადგან თავდაპირველად უბანზე განთავსებული სამი ხმის მთვლელი აპარატიდან მხოლოდ ორი აპარატის მონაცემები დაიბეჭდა, ხოლო შემდგომ სამი აპარატის. კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე სწორედ სამივე აპარატის მიერ ამობეჭდილი მონაცემი აისახა, რომელიც ხელით გადათვლის შედეგად მიღებულ მონაცემებს დაემთხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე თავდაპირველად მხოლოდ 2 აპარატის მიერ ამობეჭდილი ქვითრის ფოტო იყო განთავსებული, რომელიც არ ემთხვეოდა შემაჯამებელ ოქმს. არსებულმა ხარვეზმა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა და გავრცელდა ვიდეო იმის შესახებ, რომ აღნიშნულ უბანზე აპარატის მიერ დათვლილი მონაცემები არ ემთხვეოდა ხელით დათვლილს. მოგვიანებით, 29 ოქტომბერს, საღამოს ცესკოს ვებგვერდზე სამივე აპარატის კონსოლიდირებული შედეგი აიტვირთა, რომელიც შემაჯამებელ ოქმთან იყო თანხვედრაში.