სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე, პოსტს აქვეყნებს და საფრანგეთის პრეზიდენტს შემდეგ ციტატას მიაწერს: „ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და მათ აირჩიეს ევროპული მომავალი, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას კარგად გამოიძიონ არსებული ფაქტები და გაეცეს ყველაფერს პასუხი, ეს არჩევნები არ შედგა“.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მსგავსი ციტატა ღია წყაროებში, სანდო მედიაში, საფრანგეთის ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე არ გვხვდება. განცხადება არც თავად პრეზიდენტ მაკრონის სოციალური მედიის გვერდებზე (1, 2) იძებნება.

"ფაქტ-მეტრი" კომენტარისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოსაც დაუკავშირდა. საელჩოსგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და ხმათა უმრავლესობა (53.93%) მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს, 28 ოქტომბერს რუსთაველზე საპროტესტო აქციაც გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციაზე ახალი არჩევნების გამართვა მოითხოვეს, რომელიც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უნდა ჩატარდეს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებს მალევე საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) მიხედვით, არჩევნები პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას. მათ გამოყვეს „კრიტიკული დარღვევები“, რომლებიც მოიცავდა: „ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობას; ამომრჩეველთა დაშინებას; დამკვირვებლების წინააღმდეგ ცილისწამებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ფართომასშტაბიან კამპანიას“. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც (PACE). დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ როგორც კენჭისყრამდე, ასევე კენჭისყრის პროცესში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა.

თავის მხრივ, ეუთო/ ოდირის განცხადების მიხედვით, კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. თუმცა, როგორც ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა განაცხადა, „განსაკუთრებით, იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებზე და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე და სწორედ ეს იყო ფართოდ გავრცელებული კამპანიის დროს. როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა“.

ამ ეტაპზე, უშუალოდ საფრანგეთის მხრიდან, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, გააკეთა. მის პოსტში, რომელიც X-პლატფორმაზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ: „ეუთო/ოდირ-ის წინასწარი დასკვნები ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. მოველით, რომ ოფიციალური პირები დარღვევების შესახებ ცნობებს გამოიძიებენ. ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს პატივი უნდა სცენ თუ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნება სურს.

ამდენად, გავრცელებული ციტატა ყალბია, საფრანგეთის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.