27 ოქტომბერს შალვა ნათელაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის საფუძველზეც ამტკიცებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ხმის მთვლელი აპარატები ბიულეტენებზე გაფერადებულ წრეებს შლის და შესაბამისად, ცვლის ან აქრობს ამომრჩევლების მიერ დაფიქსირებულ ნებას (არქივირებული ბმული).

ნათელაშვილი პოსტის აღწერაში წერს: „თანამედროვე ტექნიკით ყველაფერი შესაძლებელია! გაიზიარეთ ვიდეო! ეს ტექნიკა არსებობს 12 წელზე მეტია!“. თავად ვიდეოში შემდეგი შინაარსის ტექსტი ჟღერდება: „ქაღალდზე მელანის გადნობისთვის ლაზერული პრინტერი სითბოს იყენებს. კემბრიჯის უნივერსიტეტის ინჟინრები ახლა ლაზერს ქაღალდიდან მელნის მოსაშორებლად იყენებენ. ლაზერის თითოეული პულსი გრძელდება წამის მხოლოდ მემილიარდედში და მელანს აორთქლებულ გაზად აქცევს. ხილული მწვანე ლაზერი ყველაზე ეფექტურია მელნის მოსაშორებლად, ასევე ეფექტურია ულტრაიისფერი და ინფრაწითელი განათება. პროცესი არ აზიანებს ქაღალდს“.

შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბარი არის 2012 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ინჟინრების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე ჟურნალ „The Royal Society-ში“. მათ მიზანს წარმოადგენდა ქაღალდის გადამუშავების ეკომეგობრული ხერხის პოვნა და მაკულატურის შემცირებაში წვლილის შეტანა. აღნიშნულ მიკვლევაზე ვიდეო იმავე პერიოდში, YouTube-ზე 2012 წელს გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში და მასზე დაფუძნებულ ვიდეოში საუბარი არის პრინტერის მელნის გაქრობაზე, რასაც „განბეჭდვასაც“ უწოდებენ (un-printing). აქედან გამომდინარე, არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ მსგავსი ტექნოლოგია ადამიანების მიერ მარკერის საღებავით გაფერადებულ წრესაც აქრობს. ამავდროულად, მსგავსი ტექნოლოგიით საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩევლის ნების გამომხატველი ნიშანი მართლაც რომ გამქრალიყო, მასთან ერთად ბიულეტენიდან წაიშლება ყველა სხვა ნაბეჭდი, ანუ ხმის მიცემის ინსტრუქცია, პარტიების ჩამონათვალი, პარტიების ნომრები და ა.შ. გამომდინარე იქედან, რომ ვიდეოში ნაჩვენებ ტექნოლოგიას ფურცლის ან ბიულეტენის კონკრეტული ნაწილიდან „განბეჭდვის“ შესაძლებლობა არ აქვს, ხმის მიცემის აპარატში მოთავსების შემდეგ, ბიულეტენი მთლიანად ცარიელი დარჩებოდა. კენჭისყრის დღის ბოლოს საუბნო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო ყუთებში მოთავსებული ბიულეტენები ხელით გადაითვალეს, თუმცა ცარიელი ბიულეტენის/ქაღალდის აღმოჩენის შესახებ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს არ უსაუბრიათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანია „სმარტმატიკის“ მოცემულ მოდელს არ აქვს კარტრიჯი, რომელიც განხილულ შეთქმულების თეორიის სქემაში საჭირო იქნებოდა, რადგან თუ აპარატი რაიმეს, მაგალითად - რომელიმე საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ გაფერადებულ წრეს - წაშლიდა, მის ნაცვლად სხვა წრე უნდა გაეფერადებინა. ერთადერთი ფუნქცია, რომელიც საქართველოს არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ აპარატს ბეჭდვასთან დაკავშირებით ჰქონდა, ეს იყო ქვითრების დაბეჭდვა; თუმცა ქვითრების დასაბეჭდად გამოიყენებოდა ე.წ. თერმულ ქაღალდზე ბეჭდვის ფუნქცია, რომელიც არსით განსხვავებული პროცესი და ტექნოლოგიაა და დასახელებული შეთქმულების თეორიისთვის არარელევანტურია.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულ იქნა ამერიკული კომპანია „სმარტმატიკის“ მიერ დამზადებული ტექნოლოგიები, მათ შორის, ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები (PCOS SAES-1800Plus). „სმარტმატიკის“ მიხედვით, მსგავსი ტექნოლოგია თითოეული ბიულეტენის ციფრულ გამოსახულებას ინახავს, შესაბამისად, აუდიტის ჩატარების შემთხვევაში, ბიულეტენიდან ამომრჩევლის მიერ გაფერადებული წრის წაშლა აუცილებლად დაფიქსირდებოდა. ამერიკულმა კომპანია „Pro V & V-მ“ 2023 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო შუალედურ და მერის რიგგარეშე არჩევნებზე „სმარტმატიკის“ ტექნოლოგიების აუდიტი ჩაატარა და მსგავსი ნაკლი არ აღმოუჩენია. ამავდროულად, „სმარტმატიკის“ ტექნოლოგიები აქამდე სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში გამოყენებულა, თუმცა მსგავსი ნაკლი არცერთ ქვეყანაში დაფიქსირებულა.

აქედან გამომდინარე, შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებული მტკიცება კონსპირაციაა და არ ეფუძნება რაიმე ფაქტს, რომელიც დაამტკიცებდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩევლების მიერ გაფერადებული წრე ხმის მთვლელი აპარატის მიერ იშლებოდა.