შალვა პაპუაშვილი: „როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია. ის არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება“.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ტყუილი.
2024 წლის 15 მაისს სახელისუფლებო პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების, სხვა საკანონმდებლო ინიციატივების, ასევე ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერების კვალდაკვალ, ევროკავშირისა და წევრი-ქვეყნების ოფიციალური პირები რეგულარულად გამოხატავდნენ შეშფოთებას „ქართული ოცნების“ ქმედებებთან დაკავშირებით და აფრთხილებდნენ მას, რომ ამან შესაძლოა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს. პროცესის შეჩერების თაობაზე ჩანაწერი პირველად ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის 27 ივნისს მიღებულ დასკვნებში გაკეთდა, რის შემდგომ არაერთ დოკუმენტში თუ ზეპირ განცხადებაში დადასტურდა.
2024 წლის 30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების პაკეტი, რომელშიც კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, უპირველესად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე ოფიციალური პირების მხრიდან ანტი-ევროპული რიტორიკის გაძლიერებამ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. გაფართოების პაკეტის გამოქვეყნების შემდეგ ანალოგიური განცხადებებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი და წევრი ქვეყნების ელჩები გამოვიდნენ.
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ასევე მოცემულია შეფასებები ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო სხვადასხვა კრიტერიუმების (თავის) და მათი დაჯგუფების შედეგად მიღებული თემატური კლასტერების მიხედვით. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ უკუსვლა განიცადა ყველაზე მნიშვნელოვან, პირველ კლასტერს მიკუთვნებულ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს (შენიშვნა: პირველი კლასტერი გაწევრიანების ფუნდამენტურ საკითხებს ეხება და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და საჯარო მმართველობის რეფორმა; კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები; ეკონომიკური კრიტერიუმი; საჯარო შესყიდვები, სტატისტიკა და ფინანსური კონტროლი).
ის გარემოება, რომ საქართველო კვლავაც არის გაფართოების პაკეტის ნაწილი, გაწევრიანების მიმართულებით წინსვლას არ ნიშნავს. მას შემდეგ, რაც 2022 წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, ქვეყანა გაფართოების პაკეტში მოხვდა და არსებული პროცედურების თანახმად, ევროკომისია ყოველწლიურად აფასებს საქართველოს შესაბამისობას ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებთან. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე საქართველო მომავალშიც ფორმალურად მოხვდება გაფართოების პაკეტში, თუმცა ამას გაწევრიანების გზაზე არავითარი პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის გაცხადება შეაფასა როგორც ტყუილი.
ანალიზი
2024 წლის 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება“. მისი მტკიცებით, „თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა“. მსგავსი შინაარსის კომენტარი საქართველოს პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმაც გააკეთა.
შალვა პაპუაშვილმა პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშში, „ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან, გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი 13 თავზე“. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ანგარიშში 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით, არის უკუსვლა“.
აღნიშნული განცხადება შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2024 წლის კომუნიკაციისა და საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.
2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიანიჭა და გამოხატა მზადყოფნა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსიც მიანიჭოს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი შესრულდება. ევროპული საბჭოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შემდგომ, საქართველო, როგორც პოტენციური კანდიდატი-ქვეყანა, ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილი გახდა და შესაბამისად, ევროკომისია ყოველწლიურად აფასებს საქართველოს შესაბამისობას ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებთან.
2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობა შეაფასა და რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადაიდგმებოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი, რომლებიც ძირითადად დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში განსახორციელებელ რეფორმებს ეხება. ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, საქართველო გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავიდოდა, რაც ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს.
2024 წლის 30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების პაკეტი, რომელიც ევროპული საბჭოს მიმართ კომუნიკაციასა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, შეფასების ანგარიშებს მოიცავს.
ევროკომისიის კომუნიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი განიცადა. მეტიც, კომუნიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, უპირველესად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე ოფიციალური პირების მხრიდან ანტი-ევროპული რიტორიკის გაძლიერებამ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც 30 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და დასძინა, რომ გაწევრიანების პროცესი „შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს“.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიის 30 ოქტომბრის კომუნიკაცია არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს მიღებულ დასკვნებში ევროპულმა საბჭომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ მიღებული კანონი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯებთან მიმართებით უკუსვლას წარმოადგენს. ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“.
ამის შემდეგ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივ შეჩერებაზე მაღალი დონის განცხადებები ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა. 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აშკარა უკუსვლაა ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებით, ხოლო ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან... საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“.
2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გაიმეორა სერიოზული შეშფოთება „საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსადაპრინციპებს ეწინააღმდეგება“. საბჭომ დაადასტურა, რომ „მსგავსი მოქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“.
საგულისხმოა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ნარატივს, თითქოს საქართველოს გაწევრიანების პროცესი არ შეჩერებულა, საქართველოში ევროკავშირის წევრი-ქვეყნების ელჩები მწვავე განცხადებებით გამოეხმაურნენ.
ესტონეთის ელჩმა, მარგე მარდისალუ-კაჰარმა, X პლატფორმის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროინტეგრაციის გზაზე, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაიყინა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო ევროკავშირის გუშინდელი გაფართოების ანგარიშის ცხადი გზავნილი“.
შვედეთის ელჩმა, ანა ლიბერგმა, განაცხადა, რომ„ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული და სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველოს უკან დახევა ჰქონდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია“.
ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრს, ნიკოლოზ სამხარაძეს უპასუხა სიტყვებით: „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს არ განიცდის მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა შეჩერებული“.
ლიეტუვის ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა, „ვარდისფერი სათვალეების მოხსნა“ ურჩია მათ, ვინც ამბობს, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს პროგრესზე მიუთითებს. „პროგრესი არ არის, არის განგრძობითი ჩიხი, თუ არა რეგრესი“, - დაწერა ელჩმა საკუთარ X-გვერდზე.
გაწევრიანების პროცესის შეუფერხებელი გაგრძელების თაობაზე საკუთარი განცხადებების სასარგებლოდ შალვა პაპუაშვილს მოჰყავს არგუმენტი, რომ საქართველო კვლავაც არის გაფართოების პაკეტის ნაწილი და მასზე რეკომენდაციები გაიცემა. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ არსებული პროცედურების თანახმად, ევროკავშირი ყოველწლიურად აქვეყნებს გაფართოების პაკეტს - სტრატეგიულ დოკუმენტებს, რომლითაც განსაზღვრავს შემდგომი გაფართოების პოლიტიკას და აფასებს პოტენციურ კანდიდატებს და კანდიდატ-ქვეყნებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ყველა იმ სფეროს მიხედვით, რომელთა კრიტერიუმების დაკმაყოფილება აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. შესაბამისად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე საქართველო მომავალშიც ფორმალურად მოხვდება გაფართოების პაკეტში, თუმცა ამას არავითარი პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება. ევროკომისიის 2024 წლის კომუნიკაციაში პირდაპირ ხაზგასმულია, რომ „სანამ საქართველო არ შეატრიალებს ამჟამინდელი მოქმედებების კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის პროცესს, და არ აჩვენებს რეალურ ძალისხმევას საკვანძო რეფორმების განხორციელებისა და არსებული წუხილების აღმოფხვრის მიმართულებით, კომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების განხსნის თაობაზე რეკომენდაციის გაცემას ვერ შეძლებს”.
იმას, რომ გაფართოების პაკეტში ფორმალური მოხვედრა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას სულაც არ გულისხმობს, თურქეთის მაგალითიც მოწმობს. კერძოდ, დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების გამო, თურქეთთან მოლაპარაკებები 2018 წლიდან შეჩერებულია და ის დღემდე კანდიდატი-ქვეყნის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ატარებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ მოლაპარაკებების აღდგენას ითხოვდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი 2023 წელს ნატოში შვედეთის გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემის სანაცვლოდ, თუმცა უშედეგოდ.
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ასევე მოცემულია შეფასებები ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო სხვადასხვა კრიტერიუმების (თავის) და მათი დაჯგუფების შედეგად მიღებული თემატური კლასტერების მიხედვით. ამ მხრივ საქართველოს მზაობის დონე ზოგ ნაწილში აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მზაობის დონეს, თუმცა არა ყველა ნაწილში, ისევე როგორც განსხვავებულია პროგრესი სხვადასხვა ნაწილის მიხედვით (სულ ასეთი 35 თავია). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის შეფასების სკალა შემდეგ კრიტერიუმებს მოიცავს: ძალიან კარგი პროგრესი (very good progress), კარგი პროგრესი (good progress), გარკვეული პროგრესი (some progress), შეზღუდული პროგრესი (limited progress), პროგრესის არარსებობა (no progress) და უკუსვლა (backsliding). საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის თანახმად, კარგი პროგრესი არც ერთ თავში დაფიქსირებული არ არის, როგორც ამას შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს. შეფასებები, რომლებსაც ევროკომისია საქართველოს მიმართ იყენებს, არის მხოლოდ „შეზღუდული პროგრესი“ და „გარკვეული პროგრესი“.
გარდა ამისა, ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ უკუსვლა განიცადა ყველაზე მნიშვნელოვან, პირველ კლასტერს მიკუთვნებულ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს. კერძოდ, ევროკომისიის შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს უკან დახევა ჰქონდა მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით.
შალვა პაპუაშვილის ინტერპრეტაციით, საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშში 35 თავიდან მხოლოდ ერთ თავში დაფიქსირებული უკუსვლა დიდ გამოწვევას არ წარმოადგენს. მსგავსი შეფასება იმთავითვე არასწორია და ევროინტეგრაციის პროცესის დამახინჯებულად წარმოჩენას ცდილობს.
1993 წელს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა გაწევრიანების კრიტერიუმები (იგივე კოპენჰაგენის კრიტერიუმები), რომლებიც ყველა კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს. ესენია:
პოლიტიკური კრიტერიუმი – გაწევრიანებისათვის აუცილებელია, რომ კანდიდატმა ქვეყანამ მიაღწიოს იმ ინსტიტუტების სტაბილურობის, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას;
ეკონომიკური კრიტერიუმი – ჰქონდეს ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა, გააჩნდეს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს ევროპის კავშირის ბაზარზე არსებულ კონკურენციას და მასთან დაკავშირებულ ზეწოლასა და სიძნელეებს;
მზადყოფნის კრიტერიუმი - წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების აღების უნარი, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის მიზნების დაცვა.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია სამივე კრიტერიუმის დაკმაყოფილება. რომელიმე კრიტერიუმთან მიმართებით ფუნდამენტური გამოწვევების არსებობის შემთხვევაში, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
საქართველოს შემთხვევაში, ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული უკუსვლა როგორც პოლიტიკურ, ისე მზადყოფნის კრიტერიუმს უკავშირდება, რადგან მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს ინიციირებული და მიღებული კანონპროექტები პრობლემურია, მათ შორის, ევროკავშირის სამართლის რეგულაციებსა და სტანდარტებთან შეუსაბამობის თვალსაზრისით. 2024 წლის 17 აპრილს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გაავრცელეს ერთობლივი ოფიციალური განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, სადაც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ფუძემდებლურ ნორმებსა და ღირებულებებს“. იგივე პოზიცია, მათ შორის, დადასტურებულია 2024 წლის 15 მაისის განცხადებაშიც. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით კი, ევროკავშირს კონკრეტული ფუძემდებელი ღირებულებები აქვს, რაზეც კომპრომისი არ მოხდება.
აქედან გამომდინარე, მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით უკან დახევა არ იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, თითქოს ევროკავშირი საქართველოს პროგრესს ჯამში პოზიტიურად აფასებს. პირიქით, საქართველოსთან დაკავშირებული ვრცელი ანგარიშის შესავალშივე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი „სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ქმედებათა კურსით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს“. კომუნიკაციის მსგავსად, ანგარიში ადასტურებს, რომ „მსგავსი ქმედებათა კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.