26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, „ქართულ ოცნებას“ დასახმარებლად საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები გამოუგზავნა. მათ კი საარჩევნო ელექტრონული ხმის მიცემის აპარატები გადააპროგრამეს იმდაგვარად, რომ ისინი ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემულ ხმებსაც „ქართულ ოცნებას“ უთვლიდა (იხილეთ სურათებზე):

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი დამადასტურებელი ფაქტი ან მტკიცებულება არ ერთვის.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დარღვევით ოპოზიცია აქტიურად საუბრობს, არასამთავრობო სექტორი დარღვევებსა და ხმის ფარულობის უფლების დარღვევაზე მიუთითებს, დასავლური ქვეყნები საარჩევნო დარღვევების შესახებ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ და ა.შ. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში არც ერთი აქტორი მხრიდან საუბარი არაა იმაზე, რომ ელექტრონული ხმის მიცემის აპარატები გადაპროგრამებული იყო და არჩევნები ამ გზით გაყალბდა, და არც რაიმე სქემაში ბელარუსიდან ლუკაშენკოს მიერ გამოგზავნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების ჩართულობაზე. კერძოდ, აღნიშნული ან მიახლოებული ფაქტი არაა დასახელებული ეუთო/ოდირის წინასწარ ანგარიშში, NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშში, IRI-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშში, ENEMO-ს წინასწარ ანგარიშში, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტსა და საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღის დაკვირვების შემაჯამებელ განცხადებაში (სადაც, მათ შორის, საარჩევნო დღეს დაფიქსირებული დარღვევებია ჩამოთვლილი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ელექტრონული ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტში და ა.შ. მსგავსი ბრალდება არ წაუყენებიათ არც ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, არ გაჟღერებულა არც მედიაში და არ ყოფილა მსგავსი სარჩელი შეტანილი სასამართლოში და ა.შ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების აუდიტი აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებამდე ჩატარდა და მსგავსი რისკი არ აღმოუჩენია. არჩევნების შემდგომ Pro V&V-ის მიერ ჩატარებული აუდიტის თანახმადაც, მსგავსი დარღვევა არ ყოფილა გამოვლენილი. საარჩევნო უბანზე გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობები ინტერნეტთან დაკავშირებული არ არის, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან, მათ შორის, ცენტრალური ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ, გარე ჩარევის შესაძლებლობას გამორიცხავს.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობიდან, შედეგების კონსოლიდაციის შემდეგ წინასწარი ანგარიში (აპარატის მიერ დათვლილი შედეგები) იბეჭდება, რაც საარჩევნო უბანზე ყველა უფლებამოსილი პირისათვის ხელმისაწვდომია. ამის შემდეგ, პლანშეტური კომპიუტერის მეშვეობით ხდება ცესკოში წინასწარი შედეგების გადაგზავნა. საერთაშორისო აუდიტის მიერ დადასტურებულია, რომ შედეგების გადაგზავნის პროგრამა შედეგებს არ ცვლის. ტაბლეტს არ აქვს შესაძლებლობა, გაგზავნოს ხმის მთვლელი აპარატის გარდა, სხვა აპარატის მიერ წარმოებული შედეგები - თუ შედეგები არ არის გენერირებული ხმის დამთვლელი აპარატის მიერ, ტაბლეტის პროგრამა არ აგზავნის ფაილს.

ამასთან, ყველა პროცედურაში, სადაც გამოყენებულია ელექტრონული ტექნოლოგია, არის ქაღალდის კვალი, რაც არჩევნების შედეგების აუდიტირების/გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, ამომრჩეველი არჩევანს ქაღალდის ბიულეტენზე აკეთებს, რომელიც ხმის მთვლელ აპარატში თავსდება. ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები, შედეგების ხელით გადათვლა მოხდა. შედეგების ხელით გადათვლა კი ზემოხსენებულ არჩევნების გაყალბების თეორიულ სქემას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის, რადგან ხელით დათვლისას, გადაპროგრამების შედეგად „ქართული ოცნებისთვის“ ჩათვლილი ხმები, ოპოზიციას ჩაეთვლებოდა და ელექტრონულ და ხელით დათვლილი შედეგებს შორის არსებითი სხვაობა დაფიქსირდებოდა, რაც არ მომხდარა.

შესაბამისად, ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის მთვლელი მოწყობილობის ინტერნეტთან დაკავშირების ფუნქცია არ აქვს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, მათზე რაიმე გარე ზეგავლენის მოხდენა ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებით. ერთადერთი ეტაპი, როდესაც უბანზე ინტერნეტი გამოიყენება, უკვე დათვლილი შედეგების გაგზავნაა. ამ ეტაპზე კი, აუდიტის დასკვნის მიხედვით, დაცული კავშირი მყარდება ცესკო-სა და უბანს შორის და, თეორიულად, ამგვარი ჩარევა შესაძლებელი რომც იყოს, ის აზრს მოკლებულია, ვინაიდან უბანზე დაფიქსირებული შედეგის ოქმი ყველა პარტიისთვის, დამკვირვებლისათვის და მედიისათვის არის ხელმისაწვდომი, შედეგები საჯაროა და ამ ოქმისაგან განსხვავებული მონაცემების ცესკო-სათვის გაგზავნა რეალურ გავლენას შედეგებზე ვერ მოახდენს.

ასევე აღსანიშნავია, რომ არჩევნებში გამოიყენებოდა კომპანია „სმარტმატიკის“ ელექტრონული ტექნოლოგიები. ხოლო აღნიშნულმა კომპანიამ ვენესუელას რეჟიმი 2017 წელს არჩევნების გაყალბებაში ამხილა, როდესაც ვენესუელის ხელისუფლებამ ელექტრონული ხმის მიცემის რეალური შედეგებისგან განსხვავებული, სხვა შედეგი გამოაცხადა. შესაბამისად, თუ თეორიულად „სმარტმატიკის“ პროგრამის გადაპროგრამება მოხდა, რამაც არჩევნების შედეგები შეცვალა, დიდი შანსია, რომ აღნიშნულის შესახებ კომპანია განცხადებას გააკეთებდა.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ლუკაშენკოს მიერ ბელარუსიდან გამოგზავნილმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებმა საქართველოში გამოყენებული საარჩევნო ტექნოლოგია გადააპროგრამეს და ამ გზით ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული ხმებიც „ქართულ ოცნებას“ ჩაეთვალა, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.