ზურა ჯაფარიძე: ეუთო ოდირის დასკვნაში წერია, რომ ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ მათზე შესაძლოა შური ეძიათ, თუ მმართველ პარტიას ხმას არ მისცემდნენ.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურა ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.
2024 წლის 14 ნოემბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზი წარადგინა (დეტალური ანგარიში იხ. ბმულზე). ანალიზის წარდგენისას, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, განაცხადა - „ეუთო ოდირის დასკვნაში წერია, რომ ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ მათზე შესაძლოა შური ეძიათ, თუ მმართველ პარტიას ხმას არ მისცემდნენ“.
„ფაქტ-მეტრმა“ ზურა ჯაფარიძის განცხადება გადაამოწმა.
ეუთო/ოდირის 27 ოქტომბრის წინასწარ ანგარიშში წარმოდგენილია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებები და დასკვნები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ფართო მასშტაბს ინარჩუნებდა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად, ამომრჩევლის შეშფოთება გამოიწვია, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დასჯის შიშის გარეშე ხმის მიცემას ვერ შეძლებდნენ. [1]
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ წინასაარჩევნო ანგარიშებში ამომრჩეველთა, განსაკუთრებით კი, საჯარო სექტორში დასაქმებულთა და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა, დაშინების, იძულებისა და ზეწოლის ფაქტები აისახა, რაც შეშფოთებას ზრდის იმის თაობაზე, რომ ზოგიერთმა ამომრჩეველმა შესაძლოა, თავისუფლად ვერ გააკეთოს არჩევანი და ხმის თავისუფლად მიცემის შეეშინდეს, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. [2]
ანგარიში მიუთითებს საერთაშორისო დოკუმენტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე - „ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.7 პარაგრაფის მოთხოვნათა თანახმად, საარჩევნო კამპანია სამართლიან და თავისუფალ გარემოში უნდა წარიმართოს, რომელშიც პარტიებსა და კანდიდატებს არც რომელიმე ადმინისტრაციული ქმედება, ძალადობა ან დაშინება უზღუდავს ან ართმევს თავისი შეხედულებებისა და კვალიფიკაციის თავისუფლად წარდგენის შესაძლებლობას და არც ამომრჩევლებს უშლის ხელს, გაეცნონ და განიხილონ აღნიშნული შეხედულებები და ხმა მისცენ დასჯის შიშის გარეშე“. 1996 წლის „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის“ ზოგადი კომენტარი ნომერი 25 აცხადებს, რომ „ამომრჩევლებმა უნდა შეძლონ თავისი მოსაზრებების დამოუკიდებლად, თავისუფლად, ძალადობის, ზემოქმედების, ზეწოლისა და რაიმე სახის მანიპულაციური ჩარევის გარეშე ფორმირება“. [3]
ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ეუთო/ოდირის წინასწარი ანგარიში ყურადღებას ნამდვილად ამახვილებს წინასაარჩევნო პერიოდში დაშინების, იძულებისა და ზეწოლის ფაქტებსა და მათ მასშტაბურობაზე, აღნიშნულს კი, ხმის თავისუფლად მიცემასთან დაკავშირებულ რისკებს და ამომრჩევლებში გაჩენილ დასჯის შიშს უკავშირებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ზურა ჯაფარიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
[1] იხ. https://www.osce.org/files/f/documents/8/0/579382_0.pdf გვ.1
[2] იქვე გვ. 21-22
[3] იხ. სქოლიო N56