ბესიკ დონაძე: 43 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა მიმდინარე წელს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ დონაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში საჯარო უწყებებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა შრომითმა ანაზღაურებამ 408 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 43 მლნ ლარით აღემატება. განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება.
თუმცა, მთავრობის გაცხადებული სახელფასო პოლიტიკის გამო, რომელიც ყოველწლიურად ხელფასების 10%-იან ზრდაც გულისხმობს, შრომითი ანაზღაურების მაჩვენებელი ყოველ მომდევნო წელს (ჯერჯერობით, 2026 წლამდე) გაიზრდება. ისიც აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებამდეც, საკვლევი მონაცემი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.
სამწუხაროდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლები მოცემული არ არის, ამიტომ მსჯელობა, მთლიანად სექტორში, რამდენად არის მათი რაოდენობა გაზრდილი, გაგვიჭირდება. თუმცა შეგვიძლია, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპებში დასაქმებულ უშტატო თანამშრომელთა რაოდენობაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც 2021 წლიდან მოყოლებული ზრდადია.
სახელმწიფო სტრუქტურებში შტატგარეშე თანამშრომელთა ზრდაზე პოლიტიკოსები მუდმივად აპელირებენ და აღნიშნულს პარტიული აქტივის დასაქმების ბერკეტად მიიჩნევენ, რადგან შტატგარეშე თანამშრომელთა დანიშვნის წესი უფრო მარტივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, ვიდრე შტატიანი თანამშრომლებისა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კანონით დასაშვებ ზღვარს აჭარბებს. ამის შესახებ მითითება არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებსა და აუდიტის ანგარიშებში გვხვდება.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ დონაძის განცხადება ფაქტობრივადაც და კონტექსტის გათვალისწინებითაც სიმართლეა, თუმცა განცხადებაში არ არის მითითება, რომ საჯარო სექტორში ხელფასების ყოველწლიური 10%-იანი ზრდა სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა. შესაბამისად, განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ბესიკ დონაძემ „მთავარი“ არხის ეთერში შტატგარეშე თანამშრომლების გაზრდილ ანაზღაურებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „პარტიულ აქტივს „ქართული ოცნება“ ასაქმებს შტატგარეშე თანამშრომლებად და შემდეგ ამ ადამიანებს აქვთ ერთადერთი დავალება, მივიდნენ და „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა. 43 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა წლევანდელ წელს 9 თვეში შარშანდელთან შედარებით [მათ ანაზღაურებაზე]“.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება (მუხლი 8).
შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმება, შტატიან თანამშრომლებთან შედარებით (რომელნიც ძირითადად კონკურსის შედეგად იკავებენ თანამდებობას), მარტივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რაც ნეპოტიზმის და პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის ალბათობას ზრდის და აადვილებს კიდეც.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში საჯარო სექტორში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებამ 408 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 365 მლნ ლარს, 43 მლნ ლარით აღემატება.
იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იცვლებოდა საჯარო სექტორში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასები, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ბოლო წლების ანგარიშები შევისწავლეთ. აღნიშნული ინფორმაცია ცხრილ 1-შია ასახული.
ცხრილი 1: საჯარო სექტორში დასაქმებულ შტატგარეშე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება წლების მიხედვით
წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები
როგორც ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშები ცხადყოფს, საჯარო სექტორში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ყოველ მომდევნო წელს იზრდება. თუმცა მკვეთრი ზრდა 2020 წლიდან ფიქსირდება და ამ მხრივ გამორჩეული 2022 წელი იყო, როცა ზრდამ 9-თვიან ჭრილში თითქმის 61 მლნ, წლიურ ჭრილში კი თითქმის 79 მლნ შეადგინა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლამდე მთავრობამ საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასების 10%-იანი ზრდა დააანონსა. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და სხვაობა 2026 წლამდე უნდა აღმოიფხვრას. შესაბამისად, 2024 წლის სახელფასო ფონდის ზრდა, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებითაც არის განპირობებული. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შტატგარეშე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება წინა წლებშიც, ამ გადაწყვეტილების მიღებამდეც იზრდებოდა.
სამწუხაროდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლები მოცემული არ არის, ამიტომ მსჯელობა, რამდენად არის გაზრდილი მათი რაოდენობა მთლიანად სექტორში, გაგვიჭირდება.
თუმცა შეგვიძლია, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპებში დასაქმებულ უშტატო თანამშრომელთა რაოდენობა და ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები განვიხილოთ.
ცხრილი 2: სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება
წყარო: ფინანსთა სამინისტრო, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები
როგორც მონაცემები ცხადყოფს, 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად - 9420-ით, გაიზარდა. ასევე გაიზარდა შრომის ანაზღაურებაც - 280.5 მლნ. ლარით. საყურადღებოა ერთი დეტალიც, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, შტატიან თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კი საგრძნობლად - 12 899 ადამიანით, გაიზარდა. შემდგომ წელს მომუშავეთა რიცხოვნობა შემცირდა, სამაგიეროდ, გაიზარდა შრომის ანაზღაურება. 2019 წლიდან მოყოლებული, გარდა პანდემიური 2020 წლისა, ყველა კომპონენტში ზრდა ფიქსირდება. შტატგარეშე თანამშრომელთა განსაკუთრებული ზრდა 2022 წელს დაფიქსირდა, როცა შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7 745-ით - 15.3%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კანონით დასაშვებ ზღვარს აჭარბებს. ამის შესახებ მითითება არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევასა და აუდიტის ანგარიშებში გვხვდება.
აუდიტის ანგარიშებში ხშირად ყურადღება იმ ფაქტებზეც არის გამახვილებული, რომ მუნიციპალიტეტებში ხშირად იქმნება ისეთი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, რომელთა ობიექტური საჭიროება სათანადოდ დასაბუთებული არ არის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ფუნქციები ადგილობრივი ორგანოებისა და მუნიციპალური სხვა ა(ა)იპ-ების საქმიანობასთან არის დუბლირებული, ასევე ზოგიერთი ა(ა)იპ-ისთვის არ არის შექმნილი სათანადო შრომის პირობები.
გარდა ამისა აუდიტის დასკვნებში იმასაც ესმება ხაზი, რომ მუნიციპალიტეტების მიერ დაარსებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა არაგონივრულად მაღალია, ხშირად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიზეზი და აუცილებლობა დასაბუთებული არ არის, ასევე ხშირია ფუნქციების დუბლირების შემთხვევები.
განხილული მასალიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემით, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნამდვილად გაზრდილია. იმასაც აღვნიშნავთ, რომ საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების ყოველწლიური 10%-იანი ზრდა სახელმწიფო პოლიტიკაა, რომელიც 2023 წლის იანვრიდან ხორციელდება, თუმცა შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასები წინა წლებშიც მზარდი იყო და ბოლო წლების ყველაზე დიდი ზრდა 2022 წელს დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ დონაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.