ფაქტ-მეტრმა უკვე შეისწავლა, როგორი დემოგრაფიული სურათია საქართველოს რამდენიმე რეგიონში და მოსახლეობის რა ნაწილი მიიჩნევა სოციალურად დაუცველ კატეგორიად. კერძოდ, ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ კვლევები გურიის, ზემო და ქვემო სვანეთის, მესტიისა და აჭარის შესახებ. ამჯერად რაჭა-ლეჩხუმში არსებულ მდგომარეობას გაგაცნობთ.

პირობითად, საანგარიშო პერიოდად 2018-2024 წლები ავირჩიეთ. რაჭაში სულ ორი მუნიციპალიტეტია- ამბროლაურისა და ონის, ხოლო ლეჩხუმში - ერთი - ცაგერის მუნიციპალიტეტი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის რაოდენობა, 2018 წელთან შედარებით, სამივე მუნიციპალიტეტში შემცირებულია.

ცხრილი 1. რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა, 2018-2024 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თუ საანგარიშო წლებში მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2018 წელთან შედარებით, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა 600-600 ადამიანით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ რაჭაში, ჯამურად, მოსახლეობის რიცხოვნობამ 1 200-ით მოიკლო, ცაგერის მუნიციპალიტეტში კი წელს 2 200-ით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე 2018 წელს ცხოვრობდა.

დიაგრამა 1 და დიაგრამა 2 რაჭისა და ლეჩხუმის მოსახლეობის ჯამური რიცხოვნობა, 2018-2024 წლების 1 იანვრის მდგომარეობით

რაჭა ლეჩხუმი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლა

საქსტატის მონაცემებით, 2018-2023 წლებში რაჭასა და ლეჩხუმში გარდაცვლილთა რაოდენობა ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას აჭარბებდა. ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი მატება უარყოფითი იყო.

ცხრილი 2. რაჭისა და ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში ცოცხლად დაბადებულთა (დ) და გარდაცვლილთა (გ) რაოდენობა, ბუნებრივი მატება (ბ. მ.), 2018-2023 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 2 აჩვენებს, რომ 2020-2021 წლებში, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. მომდევნო წლებში სიკვდილიანობა შემცირდა, თუმცა ის მუდმივად აჭარბებდა ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას და შესაბამისად, ბუნებრივი მატება უარყოფით ნიშნულზე დარჩა.

რაც შეეხება მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ და საარსებო შემწეობის მიმღებ მოსახლეობას, რაჭასა და ლეჩხუმში, პანდემიის პერიოდთან შედარებით, გარკვეული კლება დაფიქსირდა, თუმცა 2024 წლის ოქტომბერში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში, საარსებო შემწეობას მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე 2018 წელს იღებდა, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმღებთა რაოდენობა შემცირებულია.

ცხრილი 3. მიზნობრივი სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა, 2018-2023 წლების დეკემბრისა და 2024 წლის ოქტომბრის მიხედვით

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლა

მონაცემები დიაგრამაზე ასე გამოიყურება:

დიაგრამები 3 და 4. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და შემწეობის მიმღები მოსახლეობის ჯამური რაოდენობა რაჭისა და ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში, 2018-2023 წლების დეკემბრისა და 2024 წლის ოქტომბრის მიხედვით

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები ცაგერის მუნიციპალიტეტი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლა

შენიშვნა: 2022 წლიდან, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა მაჩვენებელი მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებს, რომლებსაც ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რაჭასა და ლეჩხუმში მოსახლეობის რაოდენობამ მოიკლო. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, როგორია საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა წილი რაჭისა და ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ჯამურ რაოდენობასთან მიმართებით.

დიაგრამა 5 და 6. საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი რაჭისა და ლეჩხუმის მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით, 2018-2024 წლები

რაჭა ლეჩხუმი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლა

დიაგრამები აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში რაჭაში (ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში) საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი ყველაზე მაღალი იყო 2022 წელს - 50%, ხოლო ლეჩხუმში ყველაზე მაღალი პროცენტული წილი 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო მონაცემით, ცაგერის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობას ამავე მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის თითქმის 55% იღებს.

ფოტო: turebi.ge