კახა კალაძე: „ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია!
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი
2024 წლის 24 დეკემბერს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ პარტიას „არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია“.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს წარმოადგენს. 2016 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ხელისუფლების საკონსტიტუციო ვალდებულებად იქცა, რომელიც 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენით კიდევ უფრო გამყარდა.
2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ძირითადად დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში განსახორციელებელ რეფორმებს ეხება. ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში საქართველო გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავიდოდა, რაც ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა და დააინიციირა რიგი საკანონმდებლო აქტები, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რაც 9 ნაბიჯთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან განცხადება არაერთხელ გაკეთდა. მაგალითად, 2024 წლის 4 აპრილს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადების თანახმად, „ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა“. ამავე განცხადებაში მითითებულია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. კერძოდ, „ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს“.
„ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს მიღებულ დასკვნებში ევროპულმა საბჭომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ მიღებული კანონი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯებთან მიმართებით უკუსვლას წარმოადგენს. ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“.
2024 წლის 17 ოქტომბერს მიღებულ დასკვნებში, ევროპულმა საბჭომ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით, რომელიც „ეწინააღმდეგება ევროკავშირის სადამფუძნებლო ღირებულებებსა და პრინციპებს“.
2024 წლის 30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების მორიგი პაკეტი, რომელიც ევროპული საბჭოს მიმართ კომუნიკაციასა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, შეფასების ანგარიშებს მოიცავდა. კომუნიკაციაში აღნიშნულია, რომ „2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას“ და „გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს“. ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის განხილვას ვერ შეძლებს“.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ზომებთან ერთად, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში გამოიხატა, ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ კურსის საპასუხოდ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგა. კერძოდ, წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით მნიშვნელოვნად შემცირდა პოლიტიკური კონტაქტების დონე, ასევე შეწყდა 30 მილიონი ევროს ოდენობით ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევროს ოდენობით მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარება. 2024 წლის 13 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, სახელით გამოვიდა, განაცხადა, რომ „ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ [საქართველოს] ხელისუფლება მოქმედების კურსს არ შეცვლის“. მისივე თქმით, „ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოხდება მკაფიო და მკაცრი პირობების საფუძველზე, რომლებიც ასევე ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშშია გაწერილი. მთავრობამ ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება რეფორმების დღის წესრიგისადმი, მათ შორის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი შეასრულოს. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილის რიტორიკა“.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების, მათ შორის, 9 ნაბიჯის შესრულებას და ამგვარად ევროინტეგრაციის პროცესის განახლებას სულ მცირე 2028 წლამდე არ აპირებს.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი. მისი შეფასებით, „საქართველომ შეწყვიტა ინტერესი ევროინტეგრაციის გაგრძელების მიმართ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა. როგორც მესმის, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას და საქართველოს ყველა წინა მთავრობის განცხადებებს“.
გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ 2014 წლის 17 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სინანული გამოთქვა „ქართული ოცნების“ „უახლეს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს“ და მოუწოდა „საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას“.
19 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნები, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით“ და სინანული გამოთქვა მის „გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე“.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ნაბიჯები, მათ შორის ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერება და ე.წ. „აგენტების კანონისა“ და სხვა საკანონმდებლო აქტების მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში აღებულ ვალდებულებებს, როგორც ამას ევროკავშირის ზემოხსენებულ ოფიციალური დოკუმენტებიც ადასტურებს. „ქართული ოცნების“ ქმედებებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია და მეტიც, პარტიის ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ პროცესის განახლებას 2028 წლამდე არ აპირებენ. აღნიშნული კი, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული ევროპული კურსიდან გადახვევაზე მიუთითებს.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ კახა კალაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.