რეზიუმე: გიორგი ვაშაძე სამუშაო ადგილებზე საუბრისას, დასაქმებულთა რაოდენობას გულისხმობს. 2016 წლიდან ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით შემცირდა. შესაბამისად, მტკიცება, რომ სამუშაო ადგილები [დასაქმებულთა რაოდენობა] პანდემიამდეც იყო შემცირებული სიმართლეს შეესაბამება.

გიორგი ვოლსკი უგულებელჰყოფს დასაქმების უარყოფით მაჩვენებლებს და ის ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე მიუთითებს. ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა მართლაც იზრდება, თუმცა სამუშაო ადგილების რაოდენობა იმავე რაოდენობის დასაქმებულ პირს არ ნიშნავს. შრომისუნარიანი პირი შესაძლოა, ორ ან მეტ სამუშაო ადგილს იკავებდეს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. ამასთან, გიორგი ვოლსკი ამ მაჩვენებელს ისე წარმოაჩენს, თითქოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში დაიწყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ასევე მზარდი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში (2009-2012 წლებში).

ანალიზი

7 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა: „რა კრიზისზეა საუბარი, თუ არ ჩავთვლით იმას, რაც მთელ მსოფლიოში ხდება. ძლივს სამუშაო ადგილების შექმნა დაიწყო და ბიზნესმა გაიღვიძა“. ამ განცხადებას პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა: „გიორგი ვოლსკი საუბრობდა სამუშაო ადგილების შექმნაზე, მემგონი ეგენი სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. 45 ათასით კორონამდე შემცირდა სამუშაო ადგილების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს შეგვპირდნენ 200 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნებაო“.

გლობალურად, კორონავირუსის პანდემიას და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების და შემოსავლების დაკარგვა მოჰყვა. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა. უცვლელი დარჩა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დონე (დასაქმებული და სამუშაოს მაძიებელი ადამიანების ჯამური რაოდენობა). დასაქმების დონე 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.9% შეადგინა. II კვარტალში დასაქმების საერთო მაჩვენებელში დაქირავებით დასაქმებულთა წილი 48.6%-ია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

რა ხდებოდა პანდემიამდე?

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 4 ათასით შემცირდა, რაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით იყო გამოწვეული. ამ პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 10.9 ათასით შემცირდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 7 ათასით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ თვითდასაქმებულთა უმეტესობა სოფლის მეურნეობაში მომუშავე პირები არიან, ხოლო მათი სამუშაო, ხშირ შემთხვევაში, საოჯახო მეურნეობაში უსასყიდლოდ მუშაობას უკავშირდება. დასაქმების მაჩვენებელში თვითდასაქმებულთა წილმა 49.7% შეადგინა.

2016 წლიდან დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით შემცირდა (იხ. გრაფიკი 1).

სტატისტიკურად, ქვეყანაში უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდება, თუმცა აღნიშნული შემცირება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (კერძოდ სამუშაოს მაძიებელ უმუშევართა) კლებით არის განპირობებული და არა დასაქმების ზრდით. საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს, ის გადადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად არ მიიჩნევა. ეს არის ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელი“, რომლებიც აკლდებიან უმუშევართა რიგებს, თუმცა არ არიან დასაქმებულები.

გრაფიკი 1: დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკური მაჩვენებლები, 2012-2019 წლებში

წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2012-2018 წლებში, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2019 წლის წლიური მაჩვენებელი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, 2019 წლის ოთხივე კვარტალში 2018 წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით, სამუშაო ადგილების რაოდენობა გაზრდილია (იხილეთ გრაფიკი 2).

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობას საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ითვლის. სამუშაო ადგილების რაოდენობა იმავე რაოდენობის დასაქმებულ პირს არ ნიშნავს. შრომისუნარიანი პირი შესაძლოა, ორ ან მეტ სამუშაო ადგილს იკავებდეს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.

გიორგი ვოლსკი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში დაიწყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ასევე მზარდი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში (2009-2012 წლებში).

გრაფიკი 2: ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა, 2008-2018 წლებში

წყარო: საქსტატი

2016 წელს „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს 200 ათასს სამუშაო ადგილის შექმნას დაპირდა. 2017-2018 წლებში ბიზნეს სექტორში დამატებით 67.4 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 2019-2020 წლის წლიური მაჩვენებლები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, ამომრჩევლისთვის სამუშაო ადგილებზე მიცემული დაპირება კი იმას ნიშნავს, რომ მას დასაქმებას ჰპირდები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2016 წლიდან ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება.

თეგები:

პერსონები